ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების 35-ე კონგრესი საქართველოში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
2024 წლის 30 სექტემბერი - 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება ჰეგელის საიუბილეო 35-ე მსოფლიო კონგრესი, რომლის მასპინძელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭომ. ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაც წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჰეგელის და საერთოდ გერანული კლასიკური ფილოსოფიის წამყვანი მეცნიერ-პროფესორებით, 2022 წლის სექტემბერში, ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია) ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. დავით გურგენიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფ. მამუკა ბერიაშვილი, რომელიც არის ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი
როგორც წესი, კონგრესი იმართება რეგულარულად, 2 წელიწადში ერთხელ და მისი ჩატარების უფლების მიღებას სჭირდება 4-8 წლამდე ვადა. თითოეულ კონკურსში, როგორც წესი, მოთხოვნას წაროადგენს 3-4 სხვადასხვა ქვეყანა.
2024 წელს საქართველოში ჩასატარებელი კონგრესის ძირითადი თემაა (სახელწოდებაა): სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში. პლენარულ სხდომებზე, როგორც წესი, მოწვეულები არიან ჰეგელის და საერთოდ კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გამოჩენილი წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კონგრესის მონაწილეების რაოდენობა, როგორც წესი, მერყეობს 250-450 მონაწილეს შორის. 450-ზე მეტი მონაწილის დაშვება კონგრესზე შეუძლებელია, რადგან კონგრესი მოიცავს 5-6 სამუშაო დღეს და შეუძლებელია ამაზე მეტი მომხსენებლის წარმოდგენა.
კონგრესი ფინანსდება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნეირო ფონდების მიერ. კონგრესის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებაა თავის თავზე აიღოს ძირითადი მომხსენებლებისა და ბორდის წევრების (30-35 ადამიანის) სრული დაფინანსება (მგზავრობის, სასტუმროს და დღიური ხარჯები).
კონგრესის თემის შინაარსი
ერთი შეხედვით, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ თემა ეთიკურ-ზნეობრივ საკითხებს შეეხება, მაგრამ ჰეგელის ფილოსოფიის სპეკულატიური ბუნებიდან გამომდინარე, ეს თემა შეეხება ადამიანის არსის - თავისუფლების და მისი განხორციელების ადგილის, სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების რეცეფციას. ჰეგელის სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფიის მეთოდი მოითხოვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუცია დაფუძნებული იყოს სუბიექტურობაზე და გარანტირებული იყოს შესაბამის ინსტიტუციათა არსებობა იმდენად, რამდენადაც მან თავისუფალი თვით-ცნობიერების განხორციელება შეიძლება უზრუნველყოს.
სუბიექტის თვით-განხორციელების ამგვარი ფორმა, რომელიც საყოველთაოს და ცალკეულის ერთმანეთით გაშუალებას და, თავის მხრივ, სუბიექტის და ობიექტის გათიშულობის დაძლევას გულისხმობს, სიკეთის იდეაა ანუ აღსრულებული, განხორციელებული ცნება. სიკეთის იდეამ უნდა მოახდინოს ობიექტურ სინამდვილეში გამოვლენილ ცალმხრივ განსაზღვრულობათა ნეგაცია - მოხსნას, შეინახოს და მაღალ საფეხურზე გააერთიანოს თავისუფლების ცნობიერების ფენომენოლოგიაში გამოვლენილი საფეხურები მორალურობისა და აბსტრაქტულობის სახით, რომლებიც ზნეობრიობად მოდიფიცირდებიან. ზნეობრიობა კი განხორციელებული თავისუფლების, სიკეთის იდეაა. სიკეთის იდეა ნამდვილდება რეფლექტირებულ ნებაში და გარეგან სამყაროში. ასე რომ, თავისუფლების სუბსტანცია წარმოდგება სინამდვილის და აუცილებლობის სახით გამოვლენილ სუბიექტურ ნებად.
ობიექტური სულის, ანუ სამართლის სფეროს ადგილი სისტემურად კიდევ ერთხელ რომ დავინახოთ ჰეგელის ფილოსოფიაში, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ზნეობრიობის შესახებ. §142-ში ზნეობრიობის შესახებ ვკითხულობთ „ზნეობრიობა არის თავისუფლების იდეა“. ზნეობრიობის მესამე თავი შემაჯამებელია სამართლის ფილოსოფიისათვის და პერმუტაციის პრინციპიდან გამომდინარე, არა მხოლოდ თავის თავში შეიცავს წინა განვლილ ორ საფეხურს, როგორებიცაა აბსტრაქტული უფლება და მორალურობა, არამედ მათი სრულად განხორციელებული სიდიდეების შემადგენელი ნაწილები და საფუძველია. სწორედ ამით განსხვავდება ჰეგელის სპეკულატიური დიალექტიკა სხვა დიალექტიკური სისტემებისგან, რომელთა წინა საფეხურებს ან არსობრივ წინააღმდეგობებს უბრალოდ კი არ განაგდებს, როგორც განვლილ და გამოუსადეგარ მოცემულობას, არამედ სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ქმედების და აზროვნების პროდუქტიულობას, ე.ი. ნამდვილობას. სუბიექტური ლოგიკის ერთ-ერთი უმთავრესი ცნება სიკეთის იდეაა. ეს იდეა ჰეგელთან არ არის უბრალო, მორალურ-ფილოსოფიური სიდიდე, არამედ ის არის ცნების უმაღლესი განსაზღვრულობა როგორც ცალკეული სუბიექტისა, რომელიც თავისი თავის წვდომის საგანია. მართალია, სუბიექტი ობიექტურ გარემოში სხვად-ყოფნის მოდალობაშია, მაგრამ სწორედ თავის სხვად-ყოფნაში, რომელიც იგივე თავისი თავია, სწორედ სუბიექტური სწრაფვის საფუძველზე ახორციელებს იმ მიზნებს, რომელიც მას თვითკმარ პირად ქმნის და ამითი სხვების, ანუ თავისი სხვად-ყოფნის თვითკმარობასაც ქმედითად ხდის. სუბიექტის მიერ თავისი მიზნის განხორციელება არის ცნებაში მოცული განსაზღვრება, გარეგანი ნამდვილობისა როგორც მისი ობიექტურობისა. ეს არის სწორედ სიკეთის იდეა, რა შემთხვევაშიც სუბიექტურობა და ობიექტურობა ფიქსირებულად დაპირისპირებული კი არ არის ერთმანეთისადმი, არამედ ერთმანეთს, ერთიანობას ქმნიან, რადგან ადამიანს, ერთი მხრივ, ჭირდება ცნობიერად ყოფნა და იმავდროულად, ჭირდება მოქმედად ყოფნა. ეს თავის გარემომცველ ობიექტურ სამყაროში სუბიექტური მიზნების თანხვედრით შეიძლება. ეს არის სიკეთის იდეა, რომელიც განსაზღვრავს სამართლის, ან თავად ჰეგელის მიხედვით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს, ნამდვილობას და სულიერებას. მაშასადამე, სამართლის ფილოსოფიაში სიკეთის იდეის თემატიზება აჩვენებს იმას, რომ სისტემურად სამართლის ფილოსოფია როგორც ჰეგელის სისტემის ყველა სხვა წევრი, ერთი მხრივ, განსაზღვრულია ჰეგელის სპეკულატიური ონტო-ლოგიკით, მეორე მხრივ კი, თითოეული სფერო თავად წარმოადგენს ლოგიკის შემადგენელ ნაწილს.
სიკეთის იდეა სუბიექტურობის უმაღლესი გამოვლინებაა იმდენად, რამდენადაც იგი წარმოადგენს ცნებას, რომელიც თვით თავისი თავის საგანია, თუმცა ეს ცნება თავად სუბიექტია, განხორციელებული ცალკეული მხოლოდ საყოველთაოს საფუძველზე და იმავდროულად, როგორც საყოველთაოს თვითგანმახორციელებელი. მისი მიზანი არის, რომ თვით თავისი თავით ობიექტურ სამყაროში საკუთარ თავს ობიექტურობა მისცეს და ამით ის, ანუ ობიექტურობა აღასრულოს. სწორედ ეს, ამგვარად ცნებაში არსებული, მისი თანასწორი და გარეგნული ნამდვილობის თავის თავში მქონე განსაზღვრება, როგორც ობიექტური ცალკეულისა, როგორც სამყაროში მყოფი განამდვილებული ადამიანისა, არის სიკეთე.
კონგრესის სექციებში მონაწილეობის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ 500 სიტყვიანი აბსტრაქტი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. აპლიკანტის მონაწილეობას კონგრესის სექციებში წყვეტს ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო საბჭო. საქართველოს მხრიდან, კონგრესში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი აბსტრაქტები უნდა წარმოადგინონ ასევე ქართულ ენაზე. კონგრესში მონაწილეობის ყველა მსურველს საქართვეელოს ტექნიკური უნივერსიტეტი უსურვებს წარმატებას!